მხიარული ბჟენები

2019-01-31

სარძევე კბილების პირის ღრუში მცირე დროით არსებობის მიუხედავად, სულაც არ არიან უმნიშვნელო  და ნაკლებად ფუნქციურები, რადგან მონაწილეობენ ყბების ფორმირებაში და განვითარებაში. ისინი ჯანმრთელი მუდმივი კბილების განვითარების საფუძველს წარმოადგენენ. სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია ყბა-კბილთა სისტემის ნორმალური განვითარება დაირღვეს. გარდა ამისა, მუდმივი კბილების ჩანასახები ყბის ძვალში უშუალოდ სარძევე კბილების ფესვებთანაა მოთავსებული და ფესვებზე განვითარებულმა ინფექციამ ისინი შეიძლება ადვილად დააზიანოს. ასეთ შემთხვევაში, მუდმივი კბილი უკვე არასრულფასოვანი ამოიჭრება.

 

აუცილებელია სარძევე კბილების არამარტო მკურნალობა, არამედ ბუნებრივი მოცვლის ვადამდე მათი შენარჩუნება. ნაადრევი ექსტრაქცია იწვევს  თანკბილვის ცვლილებას, რასაც თან ახლავს სახის ესთეტიკისა და ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ადრეულ ასაკში კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. სარძევე კბილების ნაადრევად დაკარგვის შემთხვევაში მოგვიანებით საჭირო ხდება ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარება.

 

კარიესი სარძევე კბილებს ძალიან ადვილად აზიანებს. მათი მინანქარი გაცილებით თხელია, სათანადო ჰიგიენური ჩვევები კი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. 

 

სამწუხაროდ, კარიესისგან დამცავი უნივერსალური საშუალება ჯერ-ჯერობით არ არსებობს. საუკეთესო გზა პროფილაქტიკაა. კბილების გაწმენდის დაწყება რეკომენდებულია მათი ამოჭრიდანვე. სწორი ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბება და რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან სარძევე კბილების კარიესის თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

 

სხვადასხვა მიზეზით განვითარებული შიშის გამო ხშირად შეუძლებელია სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება პატარებში. მათი მოტივირება საკმაოდ რთული მისაღწევია. ამ მიზნით, ალბიუსში პატარებს ვთავაზობთ ფერად ბჟენებს. ეს ეფექტური გზაა მათი მოტივირებისთვის. ცისარტყელას ღიმილი პატარა პაციენტებისთვის, სტანდარტული კბილის ფერის გარდა ვარდისფერ, მწვანე, ლურჯ ან ბრჭყვიალა ბჟენის გაკეთების საშუალებას იძლევა. თავად ბავშვის მიერ ფერის არჩევის პროცესი პროცედურას განსაკუთრებულსა და დასამახსოვრებელს ხდის. 

 

ამ მეთოდს კიდევ ერთი უპირატესობა გააჩნია. მას შემდეგ, რაც ექიმი აუხსნის პატარას, რომ მისი არაჩვეულებრივი ბჟენების დიდხანს შესანარჩუნებლად კბილების კარგად წმენდაა საჭირო, ეს დამატებითი სტიმულია მათ მოსავლელად. ამ პატარა ეშმაკობის წყალობით პაციენტები დიდი მონდომებით იწმენდენ (იხეხავენ) კბილებს და მათი პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვნად უმჯობესდება.