რა ფაქტორები უნდა  გაითვალისწინოთ კბილის ამოღების დროს?

2019-03-04

კბილის ამოღება, ანუ მისი ექსტრაქცია პირის ღრუს ქირურგიაში ყველაზე ხშირად შესრულებადი პროცედურაა. ნებისმიერი ინვაზიური სამედიცინო მანიპულაციის  მსგავსად, ექსტრაქციაც ინფექციის მაღალ რისკს შეიცავს თუნდაც მაშინ, როცა სტომატოლოგი სრულყოფილად, ყველა წესის დაცვით ატარებს კბილის ექსტრაქციას - აღნიშნულ სიტუაციაში ჭრილობა პირის ღუში არსებულ ძალიან ბევრ ბაქტერიასთან იმყოფება კონტაქტში. სწორედ ამიტომ, ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით, იმ პაციენტებში, რომლებშიც ინფექციების განვითარების რისკი მაღალია, პროცედურამდე და მის შემდგომ ანტიბიოტიკების დანიშვნაა მიზანშეწონილი.

 

ინფექციის საშიშროება კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ექიმი აუცილებლად ჩააყენოთ საქმის კურსში, იღებთ თუ არა რომელიმე პრეპარატს ან ხომ არ გაქვთ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიციაა:

✓ დაზიანებული ან ხელოვნური გულის სარქველი,

✓ გულის თანდაყოლილი დეფექტი,

✓ იმუნური სისტემის პათოლოგია,

✓ ღვიძლის დაავადება (ციროზი),

✓ ხელოვნური სახსარი,

✓ გადატანილი ბაქტერიული ენდოკარდიტი.

 

ექსტრაქციის ჩატარებამდე, სასურველია საკვები რამდენიმე საათით ადრე მიიღოთ. აუცილებლად გაიხეხეთ კბილები პროცედურამდე.

 

თუ ექიმმა კბილის ამოღება გირჩიათ, აუცილებლად დაუსვით ყველა თქვენთვის საინტერესო შეკითხვა იმისათვის, რომ მომზადებული იყოთ პროცედურისთვის და მის შემდგომი პერიოდისთვის - ამით  თავიდან აიცილებთ მოსალოდნელ გართულებას.