რამდენ ხანს გაძლებს ბჟენი ჩატარებული მკურნალობის შემდეგ?

2019-03-18

ბუნებრივია, ყველა პაციენტს აინტერესებს, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს ბჟენმა და ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, ხშირად გვეკითხებიან ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული კი ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული - ჩატარებული რესტავრაციის ტიპზე, დეფექტის ზომაზე, დაზიანების ლოკალიზაციაზე, სარესტავრაციო მასალასა და რაღა თქმა უნდა, პირის ღრუს ჰიგიენურ მდგომარეობაზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბჟენები საკმაოდ მტკიცეა და წლების განმავლობაში შეიძლება მოგემსახურით -  ისინი მუდმივი მაინც არ არის. მაგალითად, მცირე ზომის კომპოზიტური ბჟენი სავარაუდოდ,  7-დან 10 წლამდე მოგემსახურებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის ღრუს ჰიგიენური მაჩვენებელი მაღალია.

 

დრო რესტავრაციული სამუშაოს მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამაში ის დატვირთვა და ცვეთა იგულისხმება, რომელსაც ბჟენი ღეჭვის პროცესში განიცდის. თუ ბჟენის  შეცვლა დროულად არ მოხდა, მის ირგვლივ შეიძლება მეორადი კარიესული ღრუ ჩამოყალიბდეს და შესაბამისად, უფრო დიდი ზომის დეფექტის აღდგენა გახდეს საჭირო. უფრო დიდი ზომის დეფექტი კი -  უფრო ხანმოკლე მომსახურების პერიოდს ნიშნავს და კბილის გვირგვინის დასაცავად შეიძლება  ხელოვნური გვირგვინის გაკეთების აუცილებლობა შეიქმნას.

 

კიდევ ერთი გარემოება, რაც უარყოფითად აისახება ბჟენების მდგომარეობაზე, არის ბრუქსიზმი ანუ კბილების კრაჭუნი. ამ დროს კბილების და მათ შორის ბჟენების დატვირთვა, ნორმას ბევრად აჭარბებს, რაც მათ სწრაფ ცვეთას იწვევს. შესაბამისად, ბჟენების შეცვლაც უფრო მოკლე ვადაში ხდება აუცილებელი.