როგორ დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა?

2018-12-03

პირის ღრუს ჰიგიენა აუცილებელია პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლების თავიდან ასაცილებლად. ბაქტერიები წარმოქმნიან კბილის ნადებს, რომელიც იწვევს კარიესს, გინგივიტს და მათ მრავალრიცხოვან გართულებებს. შეიძლება ითქვას, რომ პირის ღრუში გამოვლენილი პრობლემების უმეტესი ნაწილის მიზეზს სწორედ დაგროვებული ნადები წარმოადგენს. მხოლოდ სრულფასოვანი ყოველდღიური ჰიგიენით და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტებით შევძლებთ ნადების სრულ ელიმინაციას და ჯანსაღი პირის ღრუს შენარჩუნებას.

 

პროცედურების ერთობლიობა, რომელიც პირის ღრუს სრულყოფილ მოვლას გულისხმობს, ორი ნაწილისგან შედგება. პირველი, ანუ ინდივიდუალური, ყოველდღიური ჰიგიენა ტარდება პაციენტის მიერ ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მეორე ნაწილი - პროფესიული ჰიგიენა ტარდება ექიმის მიერ პროფილაქტიკური ვიზიტისას. ძირითადად განმეორებითი ვიზიტები საჭიროა 6 თვეში ერთხელ, მაგრამ, ექიმის გადაწყვეტილებით, დროის ინტერვალი შეიძლება შემცირდეს, როცა პაციენტი ნიკოტინის ინტენსიური მომხმარებელია, ხშირად უჩნდება კარიესი, აღენიშნება კარიესის განვითარების მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა და აღენიშნება ღრძილების დაავადებები.

 

საპროფილაქტიკო ვიზიტისას ექიმი ათვალიერებს პირის ღრუს და აფასებს ჰიგიენურ მდგომარეობას. ორალური კამერა  ეკრანზე გადიდებულ გამოსახულებას იძლევა და პირის ღრუს ყველა უბნის დეტალური დათვალიერებაა შესაძლებელი. კარიესების გამოსავლენად გამოიყენება რენტგენი. ზოგჯერ საჭიროა რამდენიმე რენტგენოგრამის გადაღება. თანამედროვე დენტალური რენტგენის აპარატებს და მით უმეტეს დენტალურ ვიზიოგრაფს იმდენად მცირე დასხივება აქვს, რომ პრაქტიკულად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. პაციენტისგან მიღებული ინფორმაცია, თუ როგორ, რა სიხშირით იხეხავს კბილებს, იყენებს თუ არა კბილის ძაფს (ფლოსს) და ინდივიდუალური ჰიგიენის სხვა დეტალები ექიმს წარმოდგენას უქმნის პაციენტის ყოველდღიურ ჰიგიენაზე და საჭიროების შემთხევაში შეაქვს კორექციები. 

 

კბილების პროფესიული წმენდა, რომელიც პროფილაქტიკურ ვიზიტზე ტარდება, გულისხმობს ნადების და ქვების მოშორებას კბილების ზედაპირიდან და ღრძილქვეშა ზონიდან. ამისათვის ძირითადად გამოიყენება ულტრაბგერის აპარატი, მაგრამ პაროდონტის დაავადების დროს განვითარებული პათოლოგიური ჯიბეების გამო ხშირად გართულებულია ნადების მოშორება ღრძილქვეშ. დამატებით გამოიყენება ხელის ინსტრუმენტები -- კიურეტები ფესვის ზედაპირის გასაწმენდად. ასევე Air-Flow-ს აპარატი, რომელიც სპეციალური ფხვნილის ჭავლით წმენდს კბილის ზედაპირს. გაწმენდის შემდეგ ექიმი კბილის ზედაპირებს ფტორის შემცველი პასტით აპრიალებს, რათა ზედაპირზე ახალი ნადების  სწრაფ მიმაგრებას ხელი შეუშალოს. საჭიროების შემთხვევაში კბილები იფარება ფტორის შემცველი ლაქით. იგი დამატებით აწვდის ფტორს სუსტ, ბზარებიან და მგრძნობიარე მინანქარს. ვიზიტის ბოლოს ექიმი პაციენტს აძლევს რეკომენდაციებს ინდივიდუალურ ჰიგიენასთან დაკავშირებით, ურჩევს ჰიგიენურ საშუალებებს და უნიშნავს შემდეგ ვიზიტს.