სახლის პირობებში მოვლის ინსტრუქცია

2018-12-10

პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა არამარტო ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების, არამედ ჩატარებული ესთეტიკური პროცედურების შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნების საწინდარია. კომპლექსი, რასაც პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა ეწოდება, შემდეგ პროცედურებს მოიცავს: 

 

✓ კბილების წმენდა (გამოხეხვა) მინიმუმ დღეში ორჯერ - დილას და საღამოს.

✓ წმენდა (გამოხეხვა) სწორი ტექნიკით - ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნადების სრულად მოსაცილებლად.

✓ დენტალური ფლოსის (კბილის ძაფის) გამოყენება ყოველდღიურად. ფლოსის გამოყენების გარეშე, მხოლოდ ჯაგრისის დახმარებით, კბილების გვერდითი (ერთმანეთთან შემხები) ზედაპირების წმენდა ვერ ხორციელდება. შეიძლება ირიგატორის გამოყენებაც.

✓ ენის ზედაპირიდან ნადების მოშორება ენის საწმენდი საშუალებით. ჰალიტოზის (არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში) მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ ის ბაქტერიებია, რომელიც ენის ზურგზეა გავრცელებული.

✓ პირის ღრუს სავლების გამოყენება. დღესდღეობით სხვადასხვა სახის და სხვადასხვა დანიშნულების სავლებები არსებობს, შესაბამისად, ის ექიმმა/ჰიგიენისტმა უნდა შეგირჩიოთ.

 

ინდივიდუალური ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი მომენტია მისი რეგულარობა. ნადები, რომელიც დღის განმავლობაში პირის ღრუში წარმოიქმნდება, აუცილებელია 12 საათში ერთხელ მოშორდეს. გარკვეული დროის შემდეგ რბილი ნადები მინერალიზაციას განიცდის, უფრო რთულად შორდება და კბილის ქვად გარდაიქმნება.

 

ორალური ირიგატორი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, დენტალური ფლოსის ალტერნატივას წარმოადგენს. მათი დანიშნულებაა კბილების გვერდითი ზედაპირებიდან ნადების მოშორება. ირიგატორის უპირატესობა დადასტურებულია პაროდონტის დაავადების მქონდე პაციენტებში. 

 

ირიგატორი მცირე ზომის აპარატს წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია რეზერვუარი, საიდანაც ბუნიკს წყალი მაღალი წნევით მიეწოდება. წყლის მაგივრად შეიძლება ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენებაც. სითხის ჭავლი პულსირებადი რეჟიმით 3 წუთის მოქმედების შემდეგ ნადების 99.9% აშორებს. მოსახერხებელია ბრეკეტების ტარებისას მიუდგომელი უბნების გასაწმენდად და პაროდონტული ჯიბეების დასამუშავებლად.

 

როგორ უკვე აღვნიშნეთ, ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებები უნდა შეირჩეს ექიმის/ჰიგიენისტის მიერ პირის ღრუს მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

და ბოლოს, მიუხედავად ყველა ამ რეკომენდაციისა, პირის ღრუში არსებობს ზონები, საიდანაც ნადების მოშორება ინდივიდუალური ჰიგიენური მოვლის საშუალებებით შეუძლებელია და სასურველია, 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგს პროფესიონალური წმენდის ჩასატარებლად მიაკითხოთ.