ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია - I ნაწილი

წიგნს საფუძვლად დაედო ამერიკის პაროდონტოლოგთა აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე შექმნილი ის საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომელიც აშშ-სა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში, როგორც სასწავლო, ისე კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება. სახელმძღვანელომ გაიარა ორმაგი ბრმა მეთოდით რეცენზირება უცხოელ ექსპერტებთან და დამტკიცებულია ილიაუნის აკადემიური საბჭოს და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს მიერ.

 

ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელო დიდი შენაძენი იქნება რეზიდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, სტუდენტებისა და პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის. სულ მალე, სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი "პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის არაქირურგიული და ქირურგიული მეთოდები" დაიბეჭდება.

 

შეიძლება ითქვას, რომ სტომატოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება – პაროდონტოლოგია არასდროს ყოფილა საქართველოში ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი, როგორიც დღესაა. უკანასკნელ წლებში, კვლევისა და დიაგნოსტიკის მეთოდების დახვეწამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბუნებრივად შეცვალა პაროდონტოლოგიური მკურნალობის ხედვა, მიდგომები და გაიზარდა მისი მნიშვნელობა კომპლექსურ მკურნალობაში.

 

საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტი, ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, ამ პროგრამების შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნასაც მოიაზრებს. ყოველი კონკრეტული დარგის განვითარების ძირითადი ტენდენციები ასახვას შესაბამის სახელმძღვანელოებში ჰპოვებს.

 

ბოლო წლებში, ჩვენს დარგში, მათ შორის პაროდონტოლოგიაშიც, უმაღლესი ხარისხის ქართული სახელმძღვანელოების გამოცემის ტენდენცია აღინიშნება, რაც ძალზედ მისასალმებელია.

 

ჩვენც, წიგნის ავტორებმა, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ისეთი სახელმძღვანელოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად დაედებოდა ამერიკის პაროდონტოლოგთა აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე შექმნილი პაროდონტის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომელიც აშშ-სა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში, როგორც სასწავლო, ისე კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება.

 

აქედან გამომდინარე, სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი „ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია” საერთაშორისო და ნაციონალურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ გზამკვლევს ემყარება. სახელმძღვანელო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების და ამერიკული და ევროპული სკოლების ინტელექტუალური შრომის ღირსეული ნაზავია. მასში წარმოდგენილი ილუსტრაციები სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტების და ჩვენი ცენტრის, „ალბიუსის” კლინიკურ შემთხვევებს აღწერს.

 

წიგნი, ძირითადად, დიპლომისშემდგომი სწავლებისთვის – დოქტორანტებისთვის, რეზიდენტებისა და პაროდონტოლოგიის მიმართულებით მომუშავე ექიმი-სტომატოლოგებისთვისაა მოწოდებული. წინამდებარე სახელმძღვანელო წიგნის მხოლოდ პირველი ნაწილია, რომელშიც დეტალურადაა გადმოცემული პაროდონტის დაავადებების სხვადასხვა კლასიფიკაციის ისტორიული მიმოხილვა – ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების, ICD დაავადებებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობების საერთაშორისო სტატისტიკური, საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის კლასიფიკაციები; პაროდონტის კლინიკური ანატომია, ჰისტოლოგია და ემბრიოგენეზი, ინერვაცია, სისხლმომარაგება და ლიმფური სისტემა, ეტიოლოგია და პათოგენეზი; საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, პაროდონტის დაავადებათა კლინიკა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები, პაროდონტის დაავადებების ეპიდემიოლოგია.

 

მეორე ნაწილში კი – დეტალურად იქნება განხილული მტკიცებითი მედიცინის როლი თანამედროვე პაროდონტოლოგიაში, პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდები, პლასტიკური პაროდონტოლოგიური მიკროქირურგიის საფუძვლები, პერიიმპლანტიტები და მათი მკურნალობის თავისებურებები.

 

ჩვენთვის, როგორც ავტორებისთვის, ყველაზე რთული მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკითხების პრაქტიკოსი ექიმისთვის საინტერესოდ გადმოცემა იყო, რაც ვფიქრობთ, რომ წიგნის გაცნობისას უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი „ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია” დიდ დახმარებას გაუწევს ამ თემით დაინტერესებულ დარგის სპეციალისტებს.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია წარმატებებს უსურვებს პაროდონტოლოგიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს და ეცდება მოკრძალებული წვლილი შეიტანოს მათ პროფესიულ განათლებასა და კლინიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.