სახელმძღვანელო საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ ზურაბ ალხანიშვილის, ქეთევან გოგილაშვილის, გვანცა ტაბაღუას და ლილე კვაცაშვილის ავტორობით გამოსცა.
უკანასკნელ წლებში საქართველოში სტომატოლოგიის დარგი კიდევ უფრო განვითარდა. გაიზარდა როგორც პერსონალის, ისე პაციენტების ინფორმირებულობის დონე და მოთხოვნები მენეჯმენტის, ადმინისტრაციის და სერვისების მიმართ. გაზრდილმა კონკურენციამ ხარისხის განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა წარმოშვა.
ინფექციების კონტროლის და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური,როგორიც დღესაა. მსოფლიო გამოცდილების გაზიარება ბუნებრივად ცვლის სტომატოლოგების დამოკიდებულებას, კლინიკების კონცეფციას, ხედვას და დამოკიდებულებას.
აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი იყო, შეგვეკრიბა ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც საჭირო და სასურველია თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკაში უსაფრთხო მუშაობისთვის, რადიაციული უსაფრთხოების ეფექტური კონტროლისთვის,სწორი ვიზუალიზაციის, პერსონალისა და პაციენტების მაქსიმალური დაცვის ოპტიმიზაციისთვის.
გაიდლაინები სახელწოდებით „პაციენტების შერჩევა რენტგენოლოგიური გამოკვლევებისთვის“ პირველად 1987 წელს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული დანადგარების და რადიოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრის (Center for Devices and Radiological Health of the U.S. Food and Drug Administration (FDA) სტომატოლოგიის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავდა.
2002 წელს ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციამ, სტომატოლოგიური ტექნოლოგიების და მეცნიერების უწყვეტად და სწრაფად განვითარების გამო, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას რეკომენდაცია მისცა, გადაეხედათ გზამკვლევებისთვის. შედეგად, ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციამ, მთელ რიგ სტომატოლოგიურ ორგანიზაციებთან და სურსათისა და წამლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 2004 წელს განახლებული გზამკვლევი გამოსცა. 2017 წელს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭომ დაამტკიცა ნაციონალური გზამკვლევი „რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში“. გზამკვლევი აერთიანებს ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის, რადიაციული დაცვის ევროპის კომისიის, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის, რადიაციული დაცვის საერთაშორისო კომისიის, ირლანდიის რადიაციული დაცვის ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ დადგენილებებს და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიულ დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
გზამკვლევი ვერ ჩაანაცვლებს კლინიკურ გამოკვლევებს და სამედიცინო ბარათებს. სტომატოლოგმა უნდა ჩაატაროს კლინიკური გამოკვლევა, გაითვალისწინოს პაციენტის სიმპტომები, ნიშნები, პირის ღრუს ჯანმრთელობის და სამედიცინო ისტორიები, პაციენტის მოწყვლადობა გარემო ფაქტორებთან მიმართებაში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი პირის ღრუს ჰიგიენურ მდგომარეობაზე/ჯანმრთელობაზე. დიაგნოსტიკური და შეფასებითი ხასიათის ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს გამოსაყენებელი რენტგენოგრაფის ტიპი ან მისი გამოყენების სიხშირე. ამ პირობაზე დაყრდნობით, სახელმძღვანელოს გამოყენება შეუძლია სტომატოლოგს პაციენტის მკურნალობის ოპტიმიზირებისთვის, დასხივების მინიმუმამდე დაყვანისთვის და ჯანდაცვის რესურსების პასუხისმგებლობით გადანაწილებისთვის.
სახელმძღვანელო კარგი დამხმარე იქნება სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯერებისთვის, რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისა და რენტგენო-ლაბორანტებისთვის.