პირის ღრუს კიბოს 6 საგანგაშო ნიშანი

2020-12-26

პირის ღრუს კიბოს 6 საგანგაშო ნიშნიდან რამდენია თქვენთვის ცნობილი?

ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრიტანეთში პირის ღრუს კიბოს შემთხვევები თითქმის გაორმაგდა - ყოველ 1 საათში 1 ადამიანს უსვამენ ამ დაავადების დიაგნოზს.

პირის ღრუს რეგულარულმა დათვალიერებამ და დაავადების დროულად გამოვლენამ
შეიძლება ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნას

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც შეზღუდულია სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობა, სტომატოლოგები შიშობენ, რომ პირის ღრუს კიბოს ადრეული ნიშნები შესაძლოა ბევრ შემთხვევაში გამოუვლენელი დარჩეს.

პირის ღრუს ჯანმრთელობის ფონდის მონაცემებით, მოსახლეობის 71%-ს  არ აქვს ინფორმაცია პირის ღრუს კიბოს ადრეული სიმპტომების შესახებ. კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ 83% არ არის დარწმუნებული, რომ შეუძლია შენიშნოს ეს სიმპტომები, ხოლო 62%-მა აღიარა, რომ არასოდეს ჩაუტარებია გამოკვლევა ან სკრინინგი შესაძლო ნიშნების გამოსავლენად.

ბრიტანეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, ამ დროისათვის 19 მილიონი სტომატოლოგიური პროცედურა იქნა გაუქმებული კოვიდ-ლოქდაუნის გამო.

კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირის ღრუს კიბოს ადრეული ნიშნების ცოდნა,  მათი დროული გამოვლენის მიზნით.

 

რა არის პირის ღრუს კიბოს 6 საგანგაშო ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს?

წყლულები პირის ღრუში
პირის ღრუს ჯანმრთელობის ფონდის მონაცემებით მოსახლეობის 52%-მა იცის, რომ წყლული პირის ღრუში შეიძლება პირის ღრუს კიბოს ნიშანი იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის წყლულები, რომელიც 3 კვირის განმავლობაში არ ხორცდება. მტკივნეული წყლული, ასევე, შეიძლება კიბოს ნიშანს წარმოადგენდეს.

სხვადასხვა ასოციაციების რეკომენდაციების მიხედვით, განსაკუთრებით საყურადღებოა ენის გამოკვლევა - უნდა გაისინჯოს ენის ორივე გვერდითი ზედაპირი და პირის ღრუს ფსკერი (მაღალი რისკის უბნები). თეთრი ან წითელი ბალთები, კვანძები, დაქვეითებული შეგრძნების უბნები - ეს ის ცვლილებებია, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

რა არის პირის ღრუს კიბო?
ეს არის სიმსივნე, რომელიც რბილ ქსოვილებში შეიძლება განვითარდეს - ენაზე, ლოყის შიდა ზედაპირზე, სასაზე, ტუჩებზე ან ღრძილებზე. სიმსივნე შეიძლება ისეთ უბანში იყოს ლოკალიზებული, სადაც მისი აღმოჩენა დამოუკიდებლად შეუძლებელია.

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა, თუმცა კიბოს ტიპი იმ უჯრედზეა დამოკიდებული, საიდანაც ის ვითარდება.

რა სიმპტომები ახასიათებს პირის ღრუს კიბოს?
სიმპტომები მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, შეუხორცებელი წყლულების ჩათვლით. თუმცა ყველაზე მეტად ყურადღება უნდა მივაქციოთ ხანგრძლივად არსებულ კვანძებს პირის ღრუსა და კისრის მიდამოში, კბილების მორყევას.

ასევე საყურადღებოა დაბუჟებული ან მგრძნობელობადაკარგული უბნის გაჩენა ტუჩზე ან ენაზე, მეტყველებაში ცვლილებები. ასეთი ნიშნების აღმოჩენისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.



წითელი ან თეთრი ბალთები
მოსახლეობის მხოლოდ 41%-მა თუ იცის, რომ წითელი ბალთები შეიძლება ასოცირებული იყოს პირის ღრუს კიბოსთან, მაშინ როცა 48%-თვის ცნობილია, რომ თეთრი ბალთები საეჭვო სიმპტომს წარმოადგენს.

რეკომენდებულია ლოყის ლორწოვანი გარსის და ენის გვერდითი ზედაპირების დათვალიერება სარკის წინ კვირაში ერთხელ. ყურადღება მიაქციეთ ლორწოვანის შეფერილობის ნებისმიერ ცვლილებას.

უჩვეულო კვანძები
პირის ღრუს ჯანმრთელობის ფონდმა დაადგინა, რომ მოსახლეობის 47%-მა იცის, რომ უჩვეულო კვანძების გაჩენა პირის ღრუს კიბოს შეიძლება უკავშირდებოდეს.

ლოყის სისქეში შეიძლება არსებობდეს კვანძები, რომელიც ვიზუალურად არ ჩანს. გასინჯვის დროს ცერა და საჩვებელ თითს შორის მოაქციეთ ლოყის გარეთა და შიგნითა ზედაპირები. უმჯობესია გამოკვლევა ორივე მხარეს ერთდროულად ჩატარდეს, ორივე ლოყის სისქის უკეთ შედარების მიზნით. თუ უჩვეულო შემაგრებებს ან კვანძებს აღმოაჩენთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


შეშუპება

შეშუპება ყოველთვის ახლავს პირის ღრუს კიბოს. მისი აღმოჩენა პალპაციით ანუ თითებით გასინჯვით არის შესაძლებელი. გაისინჯეთ თითებით ქვედა ყბისქვეშა მიდამო და ყელი, შეადარეთ ორივე მხარე ერთმანეთს. ასიმეტრიის და ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ხმის ჩახლეჩა
მოსახლეობის მხოლოდ 23%-სთვის არის ცნობილი, რომ ხმის ჩახლეჩა შეიძლება პირის ღრუს კიბოს უკავშირდებოდეს; თუმცა ზამთრის სეზონური ვირუსების პერიოდში აღნიშნული სიმპტომი ხშირად გვხვდება.  ასეთი სიმპტომის უმიზეზოდ გაჩენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.


კბილების მორყევა
პანდემიის გამო ბევრი ვერ ახერხებს ექიმთან ვიზიტს და გეგმიურ დათვალიერებას, მათ შორის პირის ღრუს სკრინინგის ჩატარებას.
კბილების მორყევა, ისევე როგორც კბილის ამოღების შემდეგ კბილბუდის შეხორცების შეფერხება, შეიძლება პირის ღრუს კიბოს ერთ-ერთი ნიშანი იყოს.

მარტივი თვითგამოკვლევით და დათვალიერებით ადვილადაა შესაძლებელი ენის, ლოყების, ღრძილების, სასის, ნუშურა ჯირკვლების, ტუჩების, პირის ღრუს ფსკერის და კისრის შემოწმება ზემოთ აღწერილი მეთოდებით, კვანძების, ბალთების, შეშუპების და სხვა ცვლილებების გამოსავლენად. საეჭვო სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმისთვის დროულად მიმართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.