რატომ არ უნდა გადადოთ სიბრძნის კბილის ამოღება?

2020-12-21

დაფიქრებულხართ ოდესმე, რატომ ვიღებთ სიბრძნის კბილს?

კბილთა მწკრივის ბოლო, ანუ მესამე საღეჭ კბილს "სიბრძნის კბილს" უწოდებენ, რადგან ის ყველაზე გვიან, 17-25 წლის ასაკში (ან უფრო მოგვიანებით) ამოიჭრება. ტრადიციულად, ადამიანს 4 სიბრძნის კბილი აქვს, მაგრამ სხვადასხვა გენეტიკური თუ გარემო ფაქტორების გამო, ზოგს მხოლოდ ნაწილი ამოეჭრება, ზოგი კი საერთოდ არ ამოდის.

სიბრძნის კბილს, როგორც წესი, დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია, რადგან ღეჭვის პროცესში პრაქტიკულად აღარ მონაწილეობს და თავისი არსებობით ხშირად სხვადასხვა პრობლემასაც იწვევს.

ადამიანის ევოლუციის პროცესში პირის ღრუს მოცულობა შემცირდა და საკმარისი სივრცე  სიბრძნის კბილის ამოსაჭრელად აღარ დარჩა. ამის გამო ხშირად ის ყბის ძვალში რჩება ან ნაწილობრივ ამოიჭრება, რასაც კბილის ირგვლივი ქსოვილების ანთება - ე.წ. პერიკორონიტის განვითარება ახლავს თან. პერიკორონიტს ხშირად ახასიათებს ძლიერი ტკივილი, პირის გაღების შეზღუდვა. მკურნალობის გარეშე, პროცესი პირდაპირ ძვალში ან ირგვლიც რბილ ქსოვილებში, ზოგჯერ კი თავისა და კისრის მიმართულებით  ვრცელდება.

არასწორი მდებარეობის გამო, სიბრძნის კბილის გაწმენდა პრობლემურია. საკვების ნარჩენებმა და ბაქტერიებმა არა მხოლოდ თავად მერვე კბილი შეიძლება დააზიანოს, მეშვიდე კბილის ჯანმრთელობასაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას. კარიესი, პაროდონტიტი, ძვლის დაზიანება ამ მიდამოში ხშირია სწორედ გართულებული ჰიგიენის გამო.

ზოგჯერ ყბის ძვალი ჩვეულებრივზე დიდი ზომისაა და სიბრძნის კბილიც პრობლემის გარეშე, სრულფასოვნად იჭრება. ამ შემთხვევაში მისი ამოღება, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის.

როდის ამოვიღოთ სიბრძნის კბილი? როდესაც გვაწუხებს ტკივილი, პრობლემებია მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებში, აღინიშნება თავის ტკივილი და უსიამოვნო სუნის და გემოს შეგრძნება.

თუ ხვდებით, რომ სიბრძნის კბილი იწყებს ამოჭრას, მიმართეთ ექიმს მისი მდგომარეობის შესაფასებლად. პანორამულ რენტგენოგრამაზე კარგად ჩანს ყბის ძვლები და კბილის მდებარეობა. ჩანასახზე დაკვირვება ადრეული პერიოდიდანაცაა შესაძლებელი;  ის 6 წლის ასაკში ყალიბდება. საჭიროების შემთხვევაში კბილის ამოღება ჩანასახის მდგომარეობაშიც შეიძლება.

 

განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში ზოგად გაუტკივარებასაც მიმართავენ. კონსულტაციის დროს ექიმი დეტალურად აგიხსნით პროცედურის მიმდინარეობას.