რატომ ვგრძნობთ ცუდ სუნს პირბადის შიგნით?

2020-12-29

შეგინიშნავთ ცუდი სუნი, როდესაც პირბადე გიკეთიათ? 2020 წელმა ბევრი რამით დაგვამახსოვრა თავი. ერთ-ერთია პირბადეების შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში. პირბადეს ვატარებთ თითქმის მუდმივად, ყველგან, სადაც დავდივართ, რათა ამ გზით ხელი შევუშალოთ კორონავირუსის გავრცელებას და დავიცვათ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე. გარდა ამისა, პირბადემ ერთ რამესაც ახადა ფარდა: ჩვენი სუნთქვა ყოველთვის არ არის ჯანმრთელი და სასიამოვნო.

თავიდან შეიძლება გაიფიქროთ, რომ ეს პირბადის ბრალია, მაგრამ ეს ასე არ არის. "დამნაშავე" თქვენი სუნთქვაა და, სავარაუდოდ, ეს პანდემიამდეც ასე იყო. უბრალოდ პირბადის მიღმა ეს მეტად აღქმადია.

თუ ეს არასასიამოვნო აღმოჩენა გააკეთეთ, თქვენ მარტო არ ხართ. ჰალიტოზი უამრავ ადამიანს აწუხებს, თუმცა პანდემიამდე ამას შეიძლება ყველა ვერ აცნობიერებდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირბადე ფარავს ცხვირს და პირს, ამოსუნთქული ჰაერი უფრო მეტხანს რჩება პირბადის მიღმა და სანამ გაიფანტება, სუნს უფრო მძაფრად შევიგრძნობთ.

მოდით, შევეცადოთ უფრო პოზიტიურად შევხედოთ პრობლემას:

- რამდენი ადამიანია თქვენს პირის ღრუსთან ისე ახლოს, როგორც პირბადე? სავარაუდოდ ძალიან ცოტა. სხვები იმ ხარისხით არ შეიგრძნობენ უსიამოვნო სუნს, როგორც თავად თქვენ. 

- კარგია, რომ პრობლემის აღქმის საშუალება მოგეცათ. არსებობს ჰალიტოზთან ბრძოლის უამრავი საშუალება.

უმეტეს შემთხვევაში, ჰალიტოზის მიზეზი პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენაა და არსებობს კონკრეტული საშუალებები, რომელიც უნდა ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ ჰიგიენურ რუტინაში, რათა ამ მიზეზით გამოწვეული ჰალიტოზისგან გათავისუფლდეთ:

✓ გამოიყენეთ კბილთაშორისი წმენდის საშუალებები - დენტალური ფლოსი (ჩვენების მიხედვით), ინტერდენტალური ჯაგრისები  ან/და ირიგატორი

✓ გაიხეხეთ კბილები დღეში 2-ჯერ

✓ გამოცვალეთ ჯაგრისი ყოველ 3 თვეში ერთხელ

კბილის ზედაპირის 40% მიუწვდომელია კბილის ჯაგრისისთვის (პირველ რიგში, კბილთაშორის სივრცეებს ვგულისხმობთ). ეს ერთგვარი მყუდრო ადგილია ბაქტერიებისთვის, სადაც შეღწევა უჭირს სითხეს, ნერწყვს, ენას და კბილის ჯაგრისსაც. აღნიშნული სივრცეებიდან ბაქტერიული ნადების მოშორების ერთადერთი გზა კბილთაშორის წმენდის საშუალებებია - ფლოსი, სპეციალური ჯაგრისები, ირიგატორი. ამის გარეშე, მხოლოდ კბილების გახეხვის შემთხვევაში, ბაქტერიების თითქმის ნახევარი ისევ პირის ღრუში რჩება.

კბილთაშორისი წმენდის საშუალებებიდან აქტიურად გამოიყენება კბილის ძაფი (ფლოსი), კბილთაშორისი ჯაგრისი, ირიგატორი. ღრძილის ტრავმის პრევენციის მიზნით, ფლოსის მოხმარების წესების სწორად დაცვა აუცილებელია. კვლევებით დადგენილია, რომ მისი ხმარება ყოველდღიური კბილთაშორისი წმენდის მიზნით არარეკომენდებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფლოსი კბილთაშორისი წმენდის საშუალებებში პირველი რიგის არჩევანი არ არის, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ის მაინც შეიძლება იყოს გამოყენებული (მაგ. საკვების ჩარჩენილი დიდი ნაწილაკების გამოტანა კბილთაშორისი სივრცეებიდან ან ძალიან მჭიდრო კონტაქტების წმენდა, როდესაც კბილთაშორისი სხვა საშუალებების ხმარება ვერ ხდება).

კბილთაშორისი ჯაგრისის გამოყენება უფრო მარტივია, ვიდრე ძაფის. კბილთაშორისი სივრცეების გაწმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაროდონტის დაავადება გაწუხებთ. რეკომენდებულია დენტალური ირიგატორების გამოყენებაც, რომელიც კბილის ძაფის ალტერნატივას წარმოადგენს და კბილთაშორის სივრცეებს ასუფთავებს.

თუკი თვლით, რომ კბილის ჯაგრისის რეგულარული შეცვლის შესახებ რეკომენდაცია მარკეტინგული ხრიკია (მეტი პროდუქტი რომ გაიყიდოს), შევეცდებით პრობლემის არსი აგიხსნათ: ჯაგრისის დეფორმირებული და გაცვეთილი ღერები (ჯაგრულები) ვერ აშორებს ბაქტერიულ ნადებს. კბილების გახეხვის მიზანი კი სწორედ ესაა - მაქსიმალურად მოვაშოროთ ის. შედარებით რთულად მისადგომ უბნებში - კბილის ყელთან, ღრძილოვან ღარში, კბილებს შორის, უკანა საღეჭი კბილების მიდამოში დარჩენილი ნადები დიდწილად ჰალიტოზს იწვევს.

ვფიქრობთ, არგუმენტები საკმარისია, რათა გავაუმჯობესოთ პირის ღრუს ჰიგიენაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.