თუ ვინმეს ჰკითხავთ, თუ რომელი საკვები პროდუქტი ასოცირდება ჯანმრთელ პირის ღრუსთან, უმეტესობა გიპასუხებთ, რომ რა თქმა უნდა რძის პროდუქტები, როგორც კალციუმის ძირითადი რესურსი. კალციუმი მართლაც უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც კბილის ქსოვილებს სიმტკიცეს ანიჭებს (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მაგნიუმი და ფოსფორი).
თუმცა უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ რძის პროდუქტებში კალციუმზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება პრობიოტიკები იყოს, რომლებსაც ფერმენტირებული პროდუქტები შეიცავს. მაგ. იოგურტი. პრობიოტიკები სასარგებლო ბაქტერიებია, რომლებიც ორგანიზმს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
იოგურტის გარდა, არსებობს ბევრი სახის ფერმენტირებული პროდუქტი, რომლის ჩართვაც რეკომენდებულია კვების რაციონში. მაგალითად კეფირი, დამჟავებული ბოსტნეული, ვაშლის ძმარი და სხვა.
ბუნებრივად ფერმენტირებული საკვები მსოფლიოს მრავალ კულტურაში გამოიყენება. მაგალითად, კუნძულ ოკინავას მცხოვრებთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია და ამ უკანასკნელს მათ ტრადიციულ კვების რაციონს უკავშირებენ - მისო, ტოფუ, მჟავე ბოსტნეული, უქოლესტერინო, ნაკლებცხიმიანი კერძები; ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი გარემოც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
პრობიოტიკები მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალებაა პირის ღრუსა და ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მაგრამ უმთავრესი რა თქმა უნდა, პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა და სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტებია.