თითოეული ქვეყნის უმაღლეს სკოლას სწავლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო სფეროსა და შესაბამის კლინიკურ კომპეტენციებში უმაღლესი სტანდარტების მიღწევას ცდილობს.
ბიოტექნოლოგიის და ბიოსამედიცინო მეცნიერებების ევოლუციამ ახალ მიღწევებთან ერთად, სტომატოლოგიურ დარგში ცოდნა იმ რაოდენობით დააგროვა, რომ მისი პრაქტიკული გამოყენება თითქმის შეუძლებელია. ნათელი გახდა, რომ ტრადიციული სასწავლო გეგმა და სწავლების ტრადიციული მეთოდოლოგია საკმარისი არ არის. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, საჭიროა სასწავლო გეგმის მოდელის საბაზისო (ფუნდამენტური) და სამედიცინო (სტომატოლოგიური) მეცნიერებების ინტეგრაციით შეცვლა, რაც სტუდენტს, რეზიდენტს და დოქტორანტს კლინიკური უნარ-ჩვევების შეძენასა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ინფორმაციის მოპოვებაში შეუწყობს ხელს.
ექიმი-სტომატოლოგის ჩამოყალიბების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას სწორედ უახლესი ინფორმაციის შემცველი სახელმძღვანელოს არსებობა წარმოადგენს.
სახელმძღვანელო „ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია“ ჩვენი (ავტორების) და წამყვანი უცხოელი სპეციალისტების მიერ რეკომენდებული სქემით არის შედგენილი (ქ. გოგილაშვილი, 2009; Боровский Е.В. 2007; Николаев А.И., Цепов Л.М. 2007; Петрикас А.Ж. 2002; Gu L-S, Ling J-Q, Wei X, Huang X-Y. 2008; Nair PRN, Henry S, Cano V, Vera J. 2005; Penesis VA, Fitzgerald PI, Fayad MI, Wenckus GS, Begole EA, Johnson BR. 2008; Saunders E.M. 2008; Spenger HR, Ike V, Brennan PA. 2007; Thomas MBM, Hayes SJ, Gilmore ASM. 2007; Vianna ME, Gomes BP, Berber VB. 2004; Venturri M, Breschi L. 2005; Yard GM, Boudagher FE. 2003; Wang GS, Arnold RR, Trope M. 2007). ის ენდოდონტიური დაავადებების მკურნალობის მიზნით მოწოდებული საშუალებების და მეთოდების რაციონალური შერჩევის პრინციპებს ითვალისწინებს, რომელსაც გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები, არასასურველი გართულებები და გამოყენების თავისებურებები უდევს საფუძვლად.
სახელმძღვანელოს I ნაწილში („ენდოდონტიის საფუძვლები“) მოწოდებული ინფორმაცია პულპის და პერიოდონტის სტრუქტურის, ინერვაციის, სისხლმომარაგების, რეგენერაციის, დაავადებათა ახალი სპეციფიკაციის, თანამედროვე ენდოდონტიური ინსტრუმენტებით მკურნალობის მეთოდების და ენდოდონტიურ პრაქტიკაში გამოყენებული საშუალებების შესახებ, მკითხველს II ნაწილში („კლინიკური რეკომენდაციები“) გადმოცემული ინფორმაციის აღქმას გაუადვილებს.
წიგნის II ნაწილში შემოთავაზებულია არხთა პრეპარირების და ობტურაციის სხვადასხვა მეთოდის გამოყენების პროტოკოლი, მეცნიერული მტკიცებების საფუძველზე შექმნილი ირიგაციის კონცეფცია, ენდოდონტიური მკურნალობის ერთ ვიზიტში ჩატარების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ენდოდონტიური ტკივილის მენეჯმენტი, პოსტენდოდონტიური რესტავრაციის თავისებურებანი, კომპიუტერული ტომოგრაფიის, მიკროსკოპიის და ლაზერული სისტემებით მუშაობის უპირატესობანი და ბოლოს, ანესთეტიკით გამოწვეული ალერგიის კლინიკური ნიშნები, განსაკუთრებული ალერგოლოგიური გამოკვლევები და მკურნალობის სპეციფიკა.
იმედი გვაქვს, რომ სახელმძღვანელო „ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია“ დიდ დახმარებას გაუწევს სტომატოლოგიის დარგის თითოეული რგოლის წარმომადგენელს (სტუდენტი, რეზიდენტი, დოქტორანტი, ექიმი, ექიმი-სტომატოლოგის ასისტენტი) მკურნალობის სწორი არჩევანის და რაციონალური გამოყენების საქმეში; მისცემს მათ ობიექტურ, პრაქტიკულ რეკომენდაციებს; ხელს შეუწყობს იმ სირთულეების გადალახვაში, რაც მათ პრაქტიკული მუშაობისას შეხვდებათ - ეს კი პრობლემის ჩამოყალიბების, მისი გადაჭრის ჰიპოთეზის გააზრების და ინდივიდუალურ ცოდნაზე დაყრდნობით გამოსავლის პოვნის საშუალებას მისცემს.
ჩვენი მიზანი და სურვილი სრულყოფილი სახელმძღვანელოს შექმნა და შესაბამისად, სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციაა. იმედია, რომ მკითხველი დიდი ინტერესით გაეცნობა სახელმძღვანელოს შინაარსს და მასში გადმოცემული რეკომენდაციების და გაიდლაინების ენდოდონტიურ პრაქტიკაში დანერგვით ხელს შეუწყობს პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.