მედიცინის ნებისმიერ დარგში არსებული დაავადებების კლასიფიკაცია, მისი შექმნის პერიოდში იმ ადამიანების ცოდნას ასახავს, რომლებიც ამ კლასიფიკაციის შექმნაზე მუშაობენ. ჩვენ ვიზიარებთ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში აღიარებულ პაროდონტისა და პერიიმპლანტური დაავადებების კლასიფიაციაში (2017 წ. AAP-EFP) ასახულ დაავადებათა ნომენკლატურას. სახელმძღვანელოს თითოეული თავი ამ კლასიფიკაციის მიხედვით და ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიარებული გაიდლაინების გამოყენებითაა დაწერილი.
ვიმედოვნებთ, რომ ორ ტომად გამოცემული სახელმძღვანელო - „კლინიკური პაროდონტოლოგია“ და „პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის არაქირურგიული და ქირურგიული მეთოდები“ სტუდენტებისთვის ის ძირითადი ღერძი, ის ფუნდამენტი იქნება, რომელიც მათ საფუძვლიან ცოდნას მიაწვდის. სახელმძღვანელოში ილუსტრირებული საკუთარი კლინიკური შემთხვევების ამსახველი ფოტომასალის დემონსტრირება სტუდენტს ხელს შეუწყობს ცოდნის მიღებაში პაროდონტის დაავადებების კანონზომიერებების, პათოგენეზის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის მართვის საკითხებში.
სამედიცინო და პედაგოგიური მეცნიერებების განვითარების თანამედროვე დონემ მოითხოვა პაროდონტოლოგიური საკითხების ახლებური მიდგომით გადაჭრა. სახელმძღვანელოში, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად არის დეტალიზებული პაროდონტოლოგიასთან ასოციარებული ქსოვილების და მათი სეგმენტების აღწერა, მეორე მხრივ კი - ყველა ეს ქსოვილი თუ მისი ელემენტი განხილულია კლინიკასთან კავშირში და იძლევა კლინიკურ გამოვლინებათა ანატომიური მექანიზმის ახსნას; ყოველივე ეს კი, სტუდენტის მიერ არა მხოლოდ მასალის ადვილად ათვისებას შეუწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მომავალი სტომატოლოგის პროფესიულ დაინტერესებაში.
და ბოლოს, ძალზედ მნიშვნელოვანია ექიმისთვის იმ ცოდნის შეძენა, რომელსაც მკურნალობის მეთოდების შერჩევისას გამოიყენებს. რა თქმა უნდა, მიღებული ცოდნა მუდმივ განახლებას საჭიროებს ახალი მტკიცებულებების და მიდგომების შესაბამისად. ჩვენ თავი მოვუყარეთ პაროდონტოლოგიაში არსებულ მკურნალობის ყველაზე თანამედროვე, სანდო და ეფექტიან მეთოდებს.
გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმძღვანელო ქმედითი გზამკვლევი იქნება მკითხველისთვის, ვინაიდან ის აერთიანებს ყველა მეცნიერებას, რაც პაროდონტოლოგიის შესწავლით დაინტერესებული პირისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია - პაროოდონტის ქსოვილების ანატომიიდან პაროდონტის და პერიიმპლანტური დაავადებების მკურნალობის ჩათვლით.
ქეთევან გოგილაშვილი, თეა ნაცვლიშვილი