პირის ღრუს ჰიგიენისტის პროფესია არასდროს ყოფილა საქართველოში ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი, როგორც დღესაა. საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტი, ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, ამ პროგრამების შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნასაც მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ისეთი სახელმძღვანელო შექმნა, რომელიც უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული და ჰარმონიაში მოვიდოდა პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მოთხოვნებთან.
სახელმძღვანელოში განმარტებულია სტომატოლოგიური სპეციალობები, გადმოცემულია ინფორმაცია იმ მასალების, დანადგარების, ინსტრუმენტებისა და ტექნიკის შესახებ, რომელიც სტომატოლოგიურ კაბინეტში გვხვდება. დეტალურადაა განხილული თავისა და კისრის ანატომია, კბილების მორფოლოგია, პაროდონტის კლინიკური ანატომია, პაროდონტის დაავადებათა განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები, გამოკვლევის მეთოდები, პაროდონტის დაავადებები, მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაგეგმარება, პაროდონტოლოგიური მკურნალობის თავისებურებები ორსულებში, ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სპეციფიკური საჭიროებები, სამართლებრივი ღირებულებები, პროფესიული ეთიკის და იურიდიული უფლებების დაცვა სტომატოლოგიურ საქმეში, საიზოლაციო სისტემები და სხვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები.
სტუდენტურ სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნების პრევენციულ ღონისძიებებს. სახელმძღვანელო მოგაწვდით პირის ღრუს ჯანმრთელობის განმარტებას და სტომატოლოგიურ კაბინეტში განსახორციელებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების დეტალურ აღწერას, მათ შორის ფტორის აპლიკაციის და ფისურების ჰერმეტიზაციის მნიშვნელობას, ასევე, პირის ღრუს მოვლის მექანიკურ და ქიმიურ საშუალებებს, პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის თერაპიული მეთოდებისთვის მოწოდებულ საშუალებებს. ვინაიდან, პირის ღრუს ჰიგიენისტს დამოუკიდებელი საქმიანობის საშუალება აქვს, სასურველია, სიღრმისეულად ფლობდეს დენტალური რადიოგრაფიის საფუძვლებს, გადაღების ტექნიკას, შესაძლო გართულებებს, რომელიც აღნიშნულ სახელმძღვანელოში დეტალურადაა გადმოცემული. სახელმძღვანელო რეკომენდებულია პირის ღრუს ჰიგიენისტის პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებისთვის, ჩვენ შევეცადეთ გადმოგვეცა ყველა პრაქტიკული საკითხი, მტკიცებულება თუ მეთოდოლოგიური სიახლე სტუდენტის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ვფიქრობთ, რომ „პირის ღრუს ჰიგიენისტის სახელმძღვანელო“ დიდ დახმარებას გაუწევს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.