ორსულობა და პირის ღრუს ჯანმრთელობა

2021-02-05

ორსულობის დროს სტომატოლოგთან ვიზიტი  თქვენთვის და თქვენი შვილისთვის უსაფრთხოა

თანამედროვე გაიდლაინების თანახმად, სტომატოლოგიური მკურნალობის გადავადება მშობიარობის შემდეგ უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ორსულობის დროს მკურნალობა (რენტგენოლოგიური კვლევის ჩათვლით). ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ არანამკურნალებმა სტომატოლოგიურმა დაავადებამ შესაძლებელია უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა ინფექცია, ტკივილი და საკვების მიღების გართულება.


ესაუბრეთ თქვენს სტომატოლოგს ორსულობის შესახებ

✓ ხართ თუ არა ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას

✓ თუ თქვენი გინეკოლოგისგან ან ოჯახის ექიმისგან გაქვთ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ორსულობის პერიოდში რისკების ან შესაძლო რისკების შესახებ, რომელთაც შესაძლებელია თქვენ და/ან ნაყოფს საფრთხე შეგიქმნათ

✓ თუ აღგენიშნებათ სხვა რომელიმე სისტემური დაავადება ან მდგომარეობა

✓ სტომატოლოგთან ბოლო ვიზიტის შემდეგ თუ შეგეცვალათ ჯანმრთელობის მდგომარეობა ან დაიწყეთ მედიკამენტის მიღება.

რეკომენდებულ სტომატოლოგიურ მანიპულაციამდე თქვენი სტომატოლოგი შესაძლოა თქვენსავე გინეკოლოგს გაესაუბროს. თუ გეგმავთ დაორსულებას, აუცილებლად ჩაიტარეთ პროფესიული ჰიგიენა (გაიწმინდეთ კბილები) კლინიკაში და პირის ღრუ წინასწარ მოიწესრიგეთ. ამგვარად, თქვენ თავიდან აიცილებთ გადაუდებელი სტომატოლოგიური მანიპულაციის ჩატარების აუცილებლობას ორსულობის დროს.

ორსულობის დროს გარკვეული მედიკამენტების მიღება უსაფრთხოა.

თქვენმა სტომატოლოგმა შესაძლოა კონსულტაცია გაიაროს თქვენი ოჯახის ექიმთან, რათა ორსულობისთვის უსაფრთხო მედიკამენტები ერთად შეგირჩიონ, მაგალითად: ანტიბიოტიკები და ტკივილგამაყუჩებლები.

 

ორსულობის დროს რუტინული რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა უსაფრთხოა

დენტალური რენტგენოლოგიური ფოტოგრაფირების დროს რადიაციული დასხივება ძალიან მცირეა. თუ თქვენ გესაჭიროებათ რენტგენოლოგიური კვლევა, თქვენი სტომატოლოგი აგიხსნით რადიაციული უსაფრთხოების საფუძველს და რადიაციისგან დაცვის ეტაპებს თქვენთან ერთად გაივლის.

 

ყველაზე ხშირად ორსულ ქალებს გინგივიტი აღენიშნებათ

გავრცელებული აზრი, რომ ყოველი ორსულობის შემდეგ დედები თითო კბილს კარგავენ, მითია. თუმცა, სიმართლეა, რომ ბევრ ქალს ორსულობის დროს აღენიშნება გინგივიტი. ორსულობის დროს თქვენი ღრძილები კბილის ნადების მიმართ უფრო მგრძნობიარეა. თქვენი ღრძილები შესაძლებელია შეშუპდეს, გახდეს წითელი და კბილების ხეხვის დროს იყოს ადვილად სისხლმდენი. თუ გინგივიტის მკურნალობა არ ჩატარდა, შესაძლოა ის  უფრო სერიოზულ დაავადებებში გადაიზარდოს. თქვენმა სტომატოლოგმა შეიძლება გირჩიოთ პროფესიული ჰიგიენის ჩატარება უფრო ხშირად, რათა თავიდან აიცილოთ მსგავსი პრობლემები.

ზოგიერთ ქალს, ყველაზე ხშირად ორსულობის მეორე ტრიმესტრში, აღენიშნება ღრძილების ჭარბი ზრდა, რომელსაც ორსულთა სიმსივნე (ორსულთა პიოგენური გრანულომა) ეწოდება. ეს ჭარბი ზრდა უმეტესად კბილთაშორის სივრცეში ვითარდება. დიდი რაოდენობით კბილის ნადების დაგროვებამ შესაძლოა ანთება  და ღრძილების შეშუპება გამოიწვიოს. ამ დროს ღრძილები წითელი, პრიალა და ადვილად სისხლმდენია.

მსგავსი ღრძილების  ჭარბი ზრდა მშობიარობის შემდეგ შეიძლება თავისით გაქრეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სტომატოლოგმა ქირურგიულად მოგაშოროთ. თუ ღრძილებზე შეშუპებას ან სხვაგვარ ცვლილებებს შენიშნავთ, აუცილებლად ეწვიეთ თქვენს სტომატოლოგს.

 

 

შეინარჩუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობა
ორსულობის დროს თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელი პირის ღრუ გქონდეთ. პირის ღრუში უამრავი ტიპის ბაქტერია სახლობს და ეს ნორმალურია. როდესაც გარკვეული ტიპის ბაქტერიების რაოდენობა დანარჩენ ბაქტერიებს აჭარბებს, შესაძლოა ეს ღრძილის დაავადებების ან კარიესის განვითარების მიზეზი გახდეს.

როცა დღის განმავლობაში ტკბილ საკვებსა და სასმელს ხშირად იღებთ, ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი მჟავები კბილის მინანქარზე მუდმივად მოქმედებს, რამაც შესაძლოა კარიესული დაზიანებებისა და კარიესული ღრუს ჩამოყალიბება გამოიწვიოს.

✓ კარიესული დაზიანების თავიდან ასაცილებლად, დღეში ორჯერ ფტორირებული კბილის პასტა გამოიყენეთ. ფტორი არის მინერალი, რომელიც თქვენი კბილის მფარავ მინანქარს სიმტკიცეს ანიჭებს და მას კარიეს-რეზისტენტულს ხდის. იქედან გამომდინარე, რომ ჰორმონების ფონზე თქვენი კბილები  კარიესის გამომწვევი ბაქტერიებისადმი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან, ორსულობის დროს ფტორიანი კბილის პასტა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კარიესული დაზიანებები.

✓ დღეში ერთხელ კბილთაშორისი წმენდის საშუალებები გამოიყენეთ.

✓ თუ გიჭირთ კბილის ნადების კონტროლი, შესაძლოა თქვენმა სტომატოლოგმა ანტიბაქტერიული პირის ღრუს სავლების გამოყენება გირჩიოთ.

✓ თუ გაქვთ "დილის ავადმყოფობა" ღებინების ხშირი ეპიზოდებით, მაშინ კუჭის წვენი მუდმივ შეხებაშია კბილის ზედაპირებთან. კუჭის წვენი შეიცავს მარილმჟავას, რომლის მოქმედებით შესაძლოა კბილის მინანქარი დაიშალოს. სტომატოლოგთან საუბრის დროს ამ მდგომარეობის აღნიშვნა არ დაგავიწყდეთ. კუჭის წვენის მჟავიანობის შესამცირებლად, გამოივლეთ პირის ღრუში წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა. ნუ გამოიხეხავთ კბილებს ღებინების დასრულებისთანავე. დაელოდეთ, სანამ მჟავა გამოირეცხება პირის ღრუდან, რასაც დაახლოებით 60 წუთი ჭირდება.

სასურველია აარჩიოთ პირის ღრუს მოვლის საშუალებები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA) აღიარების ბეჭედი. პროდუქტი, რომელსაც აქვს ეს ბეჭედი, ADA-ს სტანდარტებით უსაფრთხო და ეფექტურია.

 

იზრუნეთ თქვენს სხეულზე ორსულობის დროს

იკვებეთ ჯანსაღად

ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას ჭამთ ორსულობის დროს, რადგან საკვები გავლენას ახდენს ნაყოფის ზრდასა და ფორმირებაზე - მათ შორის კბილების ჩამოყალიბებაზეც. თქვენი პატარას კბილები ორსულობის მესამე თვიდან მეექვსე თვემდე პერიოდში ყალიბდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია სრულფასოვნად იკვებოთ და თქვენი რაციონი კალციუმით, ფოსფორით, პროტეინებითა და ვიტამინებით (განსაკუთრებით A, C და D ვიტამინებით) გაამდიდროთ.

გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს თქვენს ორგანიზმს არ აკლდება კალციუმი. ბავშვისთვის კალციუმის წყაროს თქვენი საკვები წარმოადგენს და არა თქვენი კბილები. ამიტომ, რძის პროდუქტები ან სხვა კალციუმით მდიდარი საკვები დღეში სულ ცოტა 3-ჯერ მიიღეთ. კალციუმის დონის შესანარჩუნებლად/მოსამატებლად შესაძლოა თქვენმა გინეკოლოგმა ან ოჯახის ექიმმა კალციუმის აბები დაგინიშნოთ.


ნუ გამოიყენებთ თამბაქოს!

თამბაქოს ნებისმიერი ფორმით გამოყენება საზიანოა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვისაც. თამბაქო არა მხოლოდ ზრდის ღრძილის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს, არამედ შეიცავს ნიკოტინს, რომელიც ნივთიერებისადმი დამოკიდებულებას იწვევს. ორგანიზმის ნიკოტინისადმი აბსტინენციის გამო თქვენი ახალშობილი შესაძლოა მუდმივად გაღიზიანებული და უკმაყოფილო იყოს. ორსულობის დროს სიგარეტის მოწევამ შესაძლოა  თქვენი შვილის ჯანმრთელობა დააზიანოს და ნაყოფს ისეთი ქრონიკული დაავადებები ჩამოუყალიბდეს, როგორიცაა ასთმა და დიაბეტი. ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე თქვენს სტომატოლოგს ან ოჯახის ექიმს ესაუბრეთ.