ვერ ახერხებთ სტომატოლოგთან მისვლას? ჩვენ გთავაზობთ რჩევებს პირის ღრუს უკეთ მოსავლელად

2020-11-30

თუკი პანდემიის გამო სტომატოლოგთან დაგეგმილი ვიზიტის გადადება გიწევთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ჰიგიენური პროცედურები სახლში ჩაიტაროთ და თავი დაიცვათ შესაძლო გართულებებისგან? როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გადაუდებელი დახმარება გჭირდებათ?

ბრიტანეთის სტომატოლოგთა ასოციაციის ინფორმაციით, მარტის ლოქდაუნის შემდეგ, ინგლისში სტომატოლოგებმა 19 მილიონით ნაკლები პროცედურა შეასრულეს, ვიდრე სხვა წლებში იმავე დროის პერიოდში.

 

რა უნდა ვიცოდეთ გადაუდებელი შემთხვევების შესახებ სტომატოლოგიაში და რა შეიძლება გავაკეთოთ პირის ღრუს მოსავლელად?

რამდენად მაღალია სტომატოლოგთან კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობა?


მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგიური დაწესებულებები მაღალი რისკის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა რიგებშია, აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტომატოლოგებში დაინფიცირების შემთხვევები 1%-ზე ნაკლებია.  ეს ლოგიკურიცაა, რადგან სტომატოლოგიაში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის რუტინული პროტოკოლები ისედაც მოიცავს დაცვის ისეთი საშუალებების გამოყენებას, რომელიც COVID-19-ს საწინააღმდეგო დაცვასაც გულისხმობს. ეს პროცესი სტომატოლოგიისთვის ბუნებრივია.

 

შედარებით მაღალი რისკის მატარებელია ის პროცედურები, რომელიც აეროზოლის წარმოქმნას იწვევს - ულტრაბგერითი და მაღალი სიჩქარის აპარატების გამოყენება.

როგორ ახდენენ სტომატოლოგები ადაპტაციას ახალი პირობების მიმართ?
რაც უფრო მეტი ინფორმაცია გროვდება ვირუსის შესახებ, მით უფრო მეტი გზა არსებობს კონტამინაციის რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად. მაგალითად, რიგ შემთხვევებში, მაღალი სიჩქარის ინსტრუმენტების ნაცვლად გამოიყენება დაბალ სიჩქარეზე მბრუნავი ინსტრუმენტები და აპარატები, რომლებიც ამცირებს აეროზოლების წარმოქმნის ალბათობას; პაციენტებს შორის შუალედი (როდესაც აეროზოლური პროცედურის შემდეგ კაბინეტი ცარიელი უნდა დარჩეს) 1 საათიდან 10-15 წუთამდე შემცირდა სათანადო ვენტილაციის გამოყენების პირობებში. ეს ექიმს საშუალებას აძლევს, მეტი პაციენტი მიიღოს სამუშაო დღის განმავლობაში.

რა უნდა გავაკეთოთ, სანამ სტომატოლოგთან მისვლას შევძლებთ?
კბილებთან დაკავშირებული უმეტესი პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია. დილა-საღამოს კბილების გახეხვა, თითო ჯერზე 2 წუთის განმავლობაში,  საუკეთესო დაცვაა კარიესისა და ღრძილების დაავადებისგან. კვლევების თანახმად, ადამიანების უმეტესობა კბილების გახეხვას დაახლოებით 45 წამს უთმობს. 24 საათიდან 4 წუთის დახარჯვა კი ნამდვილად ღირს ჯანმრთელი პირის ღრუს შესანარჩუნებლად.

 

როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა?
ნებისმიერი ფტორის შემცველი კბილის პასტა არა მხოლოდ გვიცავს კარიესის განვითარებისგან, არამედ უკვე გაჩენილი კარიესული დეფექტების პროგრესირებასაც ანელებს. ფტორიანი კბილის პასტის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებში, სადაც წყლის ფტორირება არ ხდება.

ელექტრო თუ ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი?
უფრო მნიშვნელოვანია კბილებს როგორ ვიხეხავთ, ვიდრე რითი ვიხეხავთ. მანუალური ჯაგრისი ისეთივე ეფექტურია, როგორც ელექტროჯაგრისი, თუ მას რეგულარულად ვიყენებთ დღეში ორჯერ 2 წუთის განმავლობაში, და რაც მთავარია, სწორი ტექნიკის გამოყენებით. გაითვალისწინეთ, ხანგრძლივობა ძალიან მნიშვნელოვანია! შეგიძლიათ დაინიშნოთ საათი ან შესაბამისი აპლიკაცია გამოიყენოთ, რათა 2 წუთზე ნაკლები დრო არ დაუთმოთ კბილების გახეხვის პროცესს.


როდის უნდა გამოვცვალოთ კბილის ჯაგრისი?
ჯაგრისი ან ელექტროჯაგრისის თავი 3 თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს. მონაცემების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მას წელიწადში 2-3 ჯერ ცვლის.

ამცირებს თუ არა კბილების გახეხვა კორონავირუსის რისკს?
კბილის ნადების ეფექტურ მოცილებაში პირის ღრუს მოვლის ვერცერთი ქიმიური საშუალება ვერ ჩაანაცვლებს მექანიკური საშუალებების ეფექტურობას. სპეციალისტები თვლიან, რომ კბილების ხეხვის წახალისება ისევე უნდა ხდებოდეს, როგორც ხელების დაბანის, რამდენადაც კბილის პასტასა და სავლებში შემავალი ანტიბაქტერიული ნივთიერებები ამცირებს პირის ღრუში პათოგენური ბაქტერიების რიცხვს.

პირდაპირი კავშირი კბილების ხეხვასა და კორონავირუსულ ინფექციას შორის ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა კარდიფის უნივერსიტეტის კვლევამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა, რომლის თანახმად, ანტიბაქტერიულ სავლებებს კორონავირუსის ლოკალურად განადგურება შეუძლია; თუმცა საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება ამ მიმართულებით.

პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის კიდევ რა ღონისძიებებს შეიძლება მივმართოთ?
კბილთაშორისი წმენდის საშუალებებიდან აქტიურად გამოიყენება კბილის ძაფი (ფლოსი), კბილთაშორისი ჯაგრისი, ირიგატორი. ღრძილის ტრავმის პრევენციის მიზნით, ფლოსის მოხმარების წესების სწორად დაცვა აუცილებელია. კვლევებით დადგენილია, რომ მისი ხმარება ყოველდღიური კბილთაშორისი წმენდის მიზნით არარეკომენდებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფლოსი კბილთაშორისი წმენდის საშუალებებში პირველი რიგის არჩევანი არ არის, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ის მაინც შეიძლება იყოს გამოყენებული (მაგ. საკვების ჩარჩენილი დიდი ნაწილაკების გამოტანა კბილთაშორისი სივრცეებიდან ან ძალიან მჭიდრო კონტაქტების წმენდა, როდესაც კბილთაშორისი სხვა საშუალებების ხმარება ვერ ხდება).

კბილთაშორისი ჯაგრისის გამოყენება უფრო მარტივია, ვიდრე ძაფის. კბილთაშორისი სივრცეების გაწმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაროდონტის დაავადება გაწუხებთ. რეკომენდებულია დენტალური ირიგატორების გამოყენებაც, რომელიც კბილის ძაფის ალტერნატივას წარმოადგენს და კბილთაშორის სივრცეებს ასუფთავებს.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ დამატებით?
პირის ღრუს ჯანმრთველობისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი და რაციონი - რას მივირთმევთ და როდის. გასაკვირი არ არის, რომ პანდემიის პირობებში ადამიანების უმეტესობა გაზრდილი რაოდენობით მოიხმარს შაქარს და ტკბილეულს, როგორც სტრესის გამკლავების ერთ-ერთ საშუალებას. შაქარი კი ჯანმრთელი პირის ღრუს მტერია. ამიტომ შეეცადეთ შეამციროთ სასუსნავი და ტკბილეული და ის მხოლოდ ძირითად საკვებთან ერთად მიიღოთ.

რამდენად საშიშია კბილების ხეხვის და ფლოსის გამოყენების დროს ღრძილებიდან სისხლდენა?
ეს ნიშნავს, რომ კბილებს არასწორად ან არასათანადოდ იხეხავთ.  სისხლდენა ყოველთვის უკავშირდება ღრძილების დაავადების რომელიმე ეტაპს და ღრძილების გამოჯანმრთელებასთან ერთად წყდება.

სტომატოლოგები აღნიშნავენ, რომ ღრძილების მდგომარეობის გაუარესების გამო, მათ  პაციენტთა გაცილებით დიდმა რაოდენობამ მიმართა პანდემიის პერიოდში დაწესებული  შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. ამ ფაქტმა აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად პროგრესირებს ღრძილების დაავადებები სათანადო პროფესიული ჩარევის გარეშე.

 

შესაძლებელია თუ არა პროფესიული წმენდა ჩატარდეს სახლის პირობებში?
ეს ნამდვილად არ არის კარგი იდეა,  და შესაძლებელია, არსებულზე მეტი პრობლემა გამოიწვიოს. თუ კბილის მაგარი ნადები ანუ ქვა ვიზუალურად შესამჩნევია, გაესაუბრეთ ტელეფონით თქვენს სტომატოლოგს. შესაძლებელია დაგიბაროთ ვიზიტზე წმენდის ჩასატარებლად.

რა გავაკეთოთ კბილების კრაჭუნის და ბრუქსიზმის შემთხვევაში?
ბრუქსიზმის შემთხვევების ზრდა აშკარად შეინიშნება პანდემიის პირობებში. ეს ბუნებრივიცაა, თუ გავითვალისწინებთ შფოთის მაღალ დონეს და სტრესს, რომელიც პანდემიური რეალობის გამო თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ღამის ბრუქსიზმი შეიძლება შეუმჩნეველიც კი დარჩეს, თუ სხვა არ მიგვითითებს ამის შესახებ, მაგრამ ის ხშირად ცუდი ძილის, სახის კუნთებისა და თავის ტკივილის მიზეზია. ამასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუნდაც სატელეფონო.

როგორ მივხვდეთ, რომ გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარება გვესაჭიროება?
კბილის ჩამოტეხილი კიდე, რომელიც ტკივილს არ იწვევს, ამოვარდნილი ბჟენი, ვინირი ან ხელოვნური გვირგვინი გადაუდებელ ჩარევას არ საჭიროებს. არსებობს სპეციალური საშუალებები სახლის პირობებში მათ დროებით საფიქსაციოდ, რომელიც სააფთიაქო ქსელში თავისუფლად იყიდება. ამ გზით, ექიმთან ვიზიტამდე, შეიძლება ესთეტიკური პრობლემის დროებით მოგვარება.

ზომიერი ტკივილი, რომელიც ტკივილგამაყუჩებელს ემორჩილება (მაგ. პარაცეტამოლი ან იბუპროფენი), ასევე შეიძლება გადაუდებელ შემთხვევად არ ჩაითვალოს.

სასწრაფო ჩარევას საჭიროებს, მაგალითად, შეშუპება, რომელიც ვრცელდება თვალის ან კისრის მიმართულებით, გახანგრძლივებული სისხლდენა კბილის ამოღების შემდეგ, ძლიერი ტკივილი, ტრავმით გამოწვეული სისხლდენა ან მოტეხილობა.

როგორც მოვიქცეთ ტრავმის შედეგად კბილის ამოვარდნილობის შემთხვევაში?
ამოვარდნილი კბილის რეპლანტაცია (კბილბუდეში კვლავ ჩასმა) შესაძლებელია, თუ ეს სწარაფად მოხდება. რაც უფრო მეტი დრო გადის ტრავმიდან რეპლანტაციამდე, მით ნაკლებია რეპლანტაციის წარმატების ალბათობა.

კბილი დაიჭირეთ გვირგვინით და არა ფესვის ნაწილით და შეეცადეთ დააბრუნოთ უკან კბილბუდეში. დაკბიჩეთ მარლის ტამპონი და ასე დააფიქსირეთ კბილი ამ მდგომარეობაში. თუ კბილის კბილბუდეში მოთავსებას ვერ ახერხებთ, შეინახეთ ის რძეში (მცირე ზომის კონტეინერში) ან ნერწყვში (პირის ღრუში). უფროსებმა ექიმთან მისვლამდე შესაძლებელია საკუთარი კბილი პირის ღრუში "შეინახოთ". ნუ გარეცხავთ ამოვარდნილ კბილს, აუცილებელია, რომ ფესვზე არსებული უჯრედების შენარჩუნება მაქსიმალურად მოხდეს.

თუ ამოვარდნილი კბილი დაიკარგა, გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარება მაინც საჭიროა ტრავმის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ?
ხშირად ადამიანებს ახასიათებთ იმ პრობლემის იგნორირება, რომელიც დიდ დისკომფორტს არ უქმნით. ეს განსაკუთრებით საშიშია, როცა საქმე პირის ღრუს კიბოს სიმპტომებს ეხება. თუ პირის ღრუში შენიშნავთ წყლულს, რომელიც უმიზეზოდ გაჩნდა ან არ ქრება რამდენიმე კვირის განმავლობაში, ლიმფური კვანძების გადიდებას პირის ღრუში ან ყელის მიდამოში, აუცილებლად დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი გვიწევს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს?
მათთვის, ვინც აქამდე რეგულარულად დადიოდა გეგმიურ ვიზიტებზე და პირის ღრუ მოწესრიგებული აქვს, არაფერია სანერვიულო. სავარაუდოდ, თქვენ სწორი ჰიგიენური ჩვევები გაქვთ და ზედმიწევნით იცავთ რეკომენდაციებს. ასეთ პირობებში ახალი კარიესი სწრაფად არ გაჩნდება და გეგმიური ვიზიტის გადავადება რაიმე დრამატულ ცვლილებებს არ გამოიწვევს.

თუ პირის ღრუს ჰიგიენა დამაკმაყოფილებელი არ არის და კარიესები ხშირად გიჩნდებათ - ეს თქვენმა სტომატოლოგმა ყველაზე უკეთ იცის, ამიტომ საჭიროა მასთან ერთად განიხილოთ ვიზიტის აუცილებლობა. პარადოქსულია, მაგრამ პანდემიის პერიოდი იქნებ საუკეთესო დროც კი აღმოჩნდეს პირის ღრუს სწორი ჰიგიენური ჩვევების შესაძენად და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, რისთვისაც დრო არასოდეს გყოფნიდათ.