ქეთევან გოგილაშვილისა და თეა ნაცვლიშვილის პაროდონტოლოგიის ორტომეულის პრეზენტაცია

2022-10-12

ქეთევან გოგილაშვილისა და თეა ნაცვლიშვილის პაროდონტოლოგიის ორტომეულის პრეზენტაცია 8 ოქტომბერს, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ გაიმართა. სახელმძღვანელო უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე თანამედროვე კლასიფიკაციით და მკურნალობის გაიდლაინებით არის მოწოდებული და სტუდენტებს, რეზიდენტებს და ექიმებს აძლევს საშუალებას, პაროდონტოლოგია, როგორც უმნიშვნელოვანესი მიმართულება სტომატოლოგიაში, სწორად და საფუძვლიანად შეისწავლონ.

 

ორტომეული პაროდონტოლოგიის ბაზისური საკითხებით დაწყებული, რთული კლინიკური შემთხვევების მართვის გაიდლაინებით დასრულებული, ყველა ასპექტს მოიცავს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელოა, რომელიც, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო კლასიფიკაციის განახლების შემდეგ, ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს, მიდგომას, მეთოდს, რეკომენდაციას და მტკიცებულებებს ეფუძნება. ავტორები წიგნზე ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. წიგნის შექმნასთან დაკავშირებით მათ კონსულტაციები რომის საპიენცას უნივერსიტეტში გაიარეს. ახალი კურიკულუმის მიხედვით, ორტომეული სასწავლო პროცესში მეორე კურსიდან ჩაეშვება და სასწავლო პროგრამაში იქნება გათვალისწინებული.