ბავშთა და მოზრდილთა ენდოდონტია

სახელმძღვანელო ქეთევან გოგილაშვილისა და სოფიო სამხარაძის ავტორობით გამოიცა და ის დადებითად შეფასდა საერთაშორისო სამედიცინო სკოლების მიერ.  წიგნი რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი სწავლებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებისთვის.

 

ენდოდონტიის სახელმძღვანელოს შექმნა ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ამ მიმართულების განვითარებასთან, ევროპულ და ამერიკულ სისტემასთან დასაახლოვებლად და მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი მოსახლეობის პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

 

სახელმძღვანელო ყველა იმ მნიშვნელოვან, აუცილებელ და საჭირო საკითხს მოიცავს, რომელიც ენდოდონტისტის, როგორც პროფესიონალი სპეციალისტის დამოუკიდებელი საქმიანობისთვისაა აუცილებელი. წიგნში დეტალურადაა განხილული კბილის რბილი ქსოვილების აგებულება, პულპის და პერიოდონტის დაავადებები, ენდოდონტიურ პრაქტიკაში გამოყენებული სისხლდენის შესაჩერებელი, საანესთეზიო, პულპის პირდაპირი და არაპირდაპირი დაფარვისთვის მოწოდებული საშუალებები, პრეპარატები ანტისეპტიკური ნახვევებისთვის და საბჟენი მასალები; არხშიდა ირიგაციის საერთაშორისო გაიდლაინები/პროტოკოლები, ის საირიგაციო მოწყობილობები და ტექნოლოგიები, რომლებიც დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება არხშიდა მკურნალობის დროს; ხელის და როტაციული ენდოდონტიური ინსტრუმენტები და მათი გამოყენების წესები, პრეპარირების და დაბჟენის თანამედროვე მეთოდები.

 

წიგნში აქცენტირებულია პედიატრიული სტომატოლოგიის აქტუალური საკით­ხები. სახელმძღვანელო მოგაწვდით ინფორმაციას კბილების მორფოლოგიური თავისებურებების შესახებ ბავშვთა ასაკში, ასევე, პულპიტის და პერიოდონტიტის მკურნალობის თავისებურებებს, ბავშვებსა და მოზარდებში პოსტენდოდონტიური რესტავრაციის ძირითად პოსტულატებს.

 

მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმეთ სარძევე და მუდმივი კბილების ტრავმულ დაზიანებებს. მოგაწოდეთ ყველა ის საერთაშორისო გაიდლაინი, რომლითაც დღეს მსოფლიოს წამყვანი კლინიკები და სასწავლო დაწესებულებები ხელმძღვანელობს.

 

სახელმძღვანელო ეფუძნება უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებს და ჰარმონიაშია პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მოთხოვნებთან და იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე გაიდლაინებს, ნოზოლოგიათა უკანასკნელ კლასიფიკაციებს ეფუძნება, ვფიქრობთ, რომ ის მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების ყველა სტუდენტს, ყველა სტომატოლოგს, რომელსაც კვალიფიკაციის შეძენა/ამაღლება სწორედ ამ მიმართულებით აქვს განსაზღვრული.