ორთოპედია

დანაკლისი კბილების აღდგენა, რაც ორთოპედიული სტომატოლოგიის მიზანს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციური თვალსაზრისითაც.

კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობისას მზადდება სხვადასხვა სახის და მასალის ნაწილობრივი ან მთლიანი პროთეზები, ხიდები და ერთეული გვირგვინები.

ალბიუსში ყველა სახის ორთოპედიული სერვისის მიღებაა შესაძლებელი. კონსულტაციაზე ექიმი და პაციენტი ერთად შეარჩევს მისთვის ოპტიმალურ, სასურველ და ხელმისაწვდომ კონსტრუქციას.

 

ხელოვნური გვირგვინები

იმ შემთხვევაში, როდესაც კბილის გვირგვინი ძლიერ დაშლილია ან დაზიანებული და არ ექვემდებარება ბჟენის საშუალებით რესტავრაციას, მიზანშეწონილია მისი დაფარვა ხელოვნური გვირგვინით. ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბჟენი დიდი ზომისაა, კბილის დარჩენილი კედლების მოტეხვის ალბათობა დიდია. ამ მანიპულაციას პაციენტები ხშირად „გადაკვრას“ უწოდებენ.

 

ხელოვნური გვირგვინები სახვადასხვა მასალისგან შეიძლება დამზადდეს - უჟანგავი მეტალი, ოქრო, პლასტმასი, მეტალო-პლასტმასი, მეტალო-კერამიკა, ცირკონო-კერამიკა, უმეტალო კერამიკა. უპირატესობა რა თქმა უნდა იმ მასალებს ენიჭება, რომელიც კბილის ბუნებრივ ფერთან და მინანქრის ტექსტურასთან ახლოსაა. 

სწორად დამზადებული და მორგებული ხელოვნური კონსტრუქციები გამძლეა და წლების განმავლობაში ემსახურება პაციენტს, თუმცა მათი მდგომარეობა დამოკიდებულია პირის ღრუს ჰიგიენაზე. მათი მოვლა ისევეა საჭირო, როგორც ბუნებრივი კბილების.

 

 

რას ნიშნავს ე.წ. ხიდები?

ხიდი ხელოვნური კბილების მოუხსნელი კონსტრუქციაა, რომელიც ორ ან მეტ საყრდენ კბილზე მაგრდება. საყრდენ კბილებზე მაგრდება ხელოვნური გვირგვინები, რომლებიც ერთმანეთთან ერთი ან რამდენიმე ხელოვნური კბილითაა დაკავშირებული (დანაკლისი კბილების ადგილას). ხიდების დასამზადებლად სხვადასხვა მასალა გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი მეტალო-კერამიკის ან ცირკონო-კერამიკისგან მზადდება, რაც გულისხმობს მეტალის/ცირკონიუმის ოქსიდის კარკასს დაფარულს კერამიკის შრით.

 

ხიდის დამაგრება საყრდენი კბილების მაგივრად შეიძლება იმპლანტებზე. ეს ხშირად საუკეთესო გამოსავალია, თუ საყრდენი კბილები ინტაქტური ანუ ჯანმრთელია.

 

როგორია დენტალური პროტეზი?

დენტალური პროტეზი წარმოადგენს მოსახსნელ კონსტრუქციას ხელოვნური კბილებით და ღრძილით. არსებობს ნაწილობივი პროტეზი, რომელშიც მხოლოდ დანაკლისი კბილებია დამაგრებული ხელოვნურ ღრძილზე ანუ ბაზისზე. ასევე არსებობს მთლიანი პროტეზი, რომელიც მზადდება როდესაც ყველა კბილი დაკარგულია და მასზე კბილების სრული კომპლექტი ფიქსირდება. ხელოვნური კბილები შეიძლება იყოს პლასტმასის, ფაიფურის ან კომბინირებული. დენტალური პროტეზის ბაზისი ანუ ხელოვნური ღრძილი ავსებს კბილების დაკარგვის შედეგად წარმოქმნილ დეფექტებს და ტუჩების, ლოყების, ნიკაპის ვიზუალურ მხარეს.

ნაწილობრივ პროტეზში ფიქსაციის გასაუმჯობესებლად ხშირად გამოიყენება კლამერები (მეტალის ან პლასტმასის), რითიც იგი მაგრდება დარჩენილ კბილებზე. სრული პროტეზის ფიქსაცია შედარებით რთულია, განსაკუთრებით ქვედა ყბის. ამისათვის გამოიყენება მინიიმპლანტები, რომელზეც მაგრდება პროტეზი.