რას ნიშნავს ფესვის არხების ენდოდონტიური მკურნალობა?
ენდოდონტია ბერძნული სიტყვაა, სადაც „ენდო“ აღნიშნავს „შიგნით“, ხოლო „ოდონტო“ აღნიშნავს „კბილს“. შესაბამისად, ფესვის არხების ენდოდონტიური მკურნალობა, კბილს შიგნით ჩატარებულ მკურნალობას გულისხმობს.
კბილს შიგნით, კბილის გვირგვინიდან მისი ფესვის მწვერვალამდე, მისი მაგარი ქსოვილების მინანქრის და დენტინის ქვემოთ, კბილის რბილი ქსოვილი - პულპა მდებარეობს. პულპა სისხლძარღვებს, ნერვებს და შემაერთებელ ქსოვილებს შეიცავს. პულპა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირის ღრუში კბილის ზრდაში და განვითარებაში. თუმცა, როდესაც კბილის ზრდა-განვითარება დასრულდება, მას პულპის გარეშეც შეუძლია პირის ღრუში არსებობა და ფუნქციონირება.
რატომ შეიძლება დამჭირდეს კბილის ენდოდონტიური მკურნალობა?
კბილის ენდოდონტიური მკურნალობა საჭიროა ჩატარდეს, როცა აღინიშნება კბილის რბილი ქსოვილის, პულპის, ანთებითი ან ინფექციური ხასიათის დაზიანება. ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს: კბილის გვირგვინის ღრმა კარიესი, კბილის ბზარი ან მოტეხილობა. რიგ შემთხვევებში პულპის დაზიანება შესაძლებელია განვითარდეს კბილის გვრიგვინის ხილული დაზიანების გარეშე.
პულპის ანთება ან ინფექციური დაზიანება არანამკურნალებ შემთხვევაში იწვევს ტკივილს და საბოლოოდ აბსცესის ჩამოყალიბებას.
რა წარმოადგენს კბილის ენდოდონტიური მკურნალობის საჭიროების მანიშნებელ სიმპტომებს?
ენდოდონტიური მკურნალობის საჭიროების მანიშნებელ სიმპტომებს წარმოადგენს: კბილის ტკივილი, გახანგრძლივებული მგრძნობელობა ცივ ან ცხელ გამღიზიანებელზე, არასასიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი კბილის კბილზე შეხებისას და/ან ღეჭვის დროს, კბილის გვირგვინის ფერის ცვლილება, შეშუპება, კბილის მიმდებარე ღრძილის, ძვლის, ლიმფური კვანძების ზომაში გადიდება, მტკივნეულობა. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში პაციენტს შესაძლოა საერთოდ არ აღენიშნებოდეს არანაირი ჩივილები ან სიმპტომები.
როგორ ახდენს კბილის ენდოდონტიური მკურნალობის ჩატარება კბილის გადარჩენას?
ენდოდონტიური მკურნალობის დროს, ექიმი ენდოდონტისტი ახდენს კბილიდან ანთებითი და ინფიცირებული პულპის ამოღებას, ფესვის არხის მექანიკურ და ქიმიურ დამუშავებას, ხოლო შემდეგ არხების მუდმივ ობტურაციას. აღნიშნული მანიპულაციის შემდეგ ხშირ შემთხვევაში საჭიროა კბილის დაფარვა ხელოვნური გვირგვინით, რათა სრულიად აღდგეს მისი გვირგვინის მთლიანობა და ფუნქცია.
გვირგვინის მთლიანობის აღდგენის შემდეგ კბილს დაუბრნდება ფუნქციური და ესთეტიკური ღირებულება.
ვიგრძნობ თუ არა ტკივილს კბილის ენდოდონტიური მკურნალობის ჩატარების პროცესში ან მკურნალობის შემდეგ?
ენდოდონტიური მკურნალობის მიზანია კბილის პულპის ანთებით ან ინფექციით გამოწვეული ტკივილის შემცირება და ლიკვიდაცია. ექიმთან ვიზიტის დროს ენდოდონტიური მკურნალობა ტარდება თანამედროვე ტექნიკის და ანესთეტიკების გამოყენებით, რის გამოც პროცედურა პაციენტისთვის კომფორტული და უმტკივნეულოა.
ენდოდონტიური მკურნალობის ჩატრების შემდეგ შესაძლოა პაციენტს აღენიშნებოდეს მგრძნობელობა მიზეზობრივი კბილის მიდამოში, განსაკუთრებით თუ ექიმთან ვიზიტამდე პაციენტს აღენიშნებოდა კბილის ტკივილი და ინფექციის ნიშნები. აღნიშნული დისკომფორტის მენეჯმენტი მარტივადაა შესაძლებელი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენებით და თქვენი ენდოდონტისტის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
საჭიროა თუ არა კბილის ენდოდონტიური მკურნალობის ჩატარების შემდეგ სხვა დამატებითი მკურნალობის ან მზრუნველობის აღმოჩენა კბილისთვის?
ენდოდონტიური მკურნალობის ჩატრების შემდეგ რეკომენდებულია აღნიშნული კბილის მიდამოში მოერიდოთ აქტიურად ღეჭვას, ვიდრე არ მოხდება კბილის გვირგვინის სრულფასოვანი აღდგენა. გვრიგვინის სრულფასოვანი რესტავრაციის გარეშე კბილის გვირგვინის მოტეხილობის განვითარების ალბათობა მაღალია.
რა დროს საჭიროებს წარსულში ენდოდონტიურად ნამკურნალები კბილი განმეორებით ენდოდონტიურ მკურნალობას?
ჩატარებული ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ იგივე კბილის მიდამოში განვითარებული ტრავმული მოტეხილობა, მეორადი კარიესული დაზიანება, ბჟენის მოტეხილობა ან ამოვარდნილობა იწვევს კბილის მიდამოში ახალი ინფექციის განვითარებას რაც საჭიროებს განმეორებით ენდოდონტიურ მკურნალობას. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა ენდოდონტისტმა წარსულში ნამკურნალებ კბილში აღმოაჩინოს ვიწრო ან მოხრილი არხები, რომელიც განმეორებით მკურნალობას საჭიროებს.