ბავშვთა სტომატოლოგია

პირველი ვიზიტისთვის მომზადება

ბავშვებისთვის სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი სასურველია მისი ფსიქოლოგიური შემზადებით დაიწყოს, ვინაიდან, პირველ შთაბეჭდილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს მის შემდგომ დამოკიდებულებას სტომატოლოგიის, პირის ღრუს მოვლისა და ზოგადად, ექიმების მიმართ. პატარა პაციენტის ექიმთან პირველი შეხვედრა შემდგომში სტომატოლოგიურ კაბინეტში მისი ქცევის განმსაზღვრელი ხდება, შესაბამისად, პოზიტიური განწყობის ფორმირება ვიზიტამდე, სახლში უნდა დაიწყოს.

სასურველია, ბავშვი წინასწარ იყოს ინფორმირებული სტომატოლოგის დანიშნულების, ჩასატარებელი მანიპულაციების შესახებ. მიღებული პრაქტიკაა შერჩეული სტომატოლოგიური კლინიკისა და ექიმის ფოტოების წინასწარ დათვალიერება, რათა ექიმთან ვიზიტისას აბსოლუტურად უცხო გარემოში არ აღმოჩნდეს. ანალოგიური მიზეზით შეიძლევა დაიგეგმოს წინასწარი ვიზიტები, როცა განსაზღვრული დრო მხოლოდ კლინიკის გაცნობას, შეჩვევას, ექიმთან კომუნიკაციას დაეთმობა და სტომატოლოგიური მანიპულაციები არ ჩატარდება. პატარა პაციენტის შეჩვევისა და დადებითი განწყობის ჩამოყალიბების შემდეგ უკვე ჩასატარებელი მანიპულაციების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას და ვიწყებთ მკურნალობის პროცესს.

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ბავშვის პოზიტიური ქცევების წახალისება. ამ პროცესში ჩართულია როგორც ექიმი და ასისტენტი, ისე მშობლები და ბავშვის ახლობლები. ქცევის განმტკიცების პროცესში შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვისთვის სასურველი წამახალისებელი საჩუქრები, შევაქოთ, გავუღიმოთ, მოვეფეროთ ყოველთვის, როცა ზუსტად შეასრულებს ჩვენ მიერ მიწოდებულ ინსტრუქციებს, გამოავლენს ჩვენთვის სასურველ ნებისმიერ ქცევას. განმტკიცება უნდა იყოს მომენტალური, განმამტკიცებლის შერჩევის პროცესში ბავშვის სურვილებსა და მოსაზრებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

მკურნალობის დაწყება

მკურნალობის დაგეგმვისას ბავშვი ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ექიმი ესაუბრება ბავშვს. მშობელი ისმენს. გადაწყვეტილებას იღებს ყველა ერთად.

განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაგვჭირდეს მულტიდისციპლინური გუნდის შეკრება. გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც მშობლები, აღმზრდელი, ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, სხვადასხვა პროფილის ექიმი შეიძლება შედიოდეს, წინასწარ განსაზღვრავს ბავშვის საჭიროებებს - ქცევის თავისებურებებს და დამოკიდებულებებს. გუნდი პირველი ვიზიტის გეგმას აყალიბებს, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს დღის განრიგის ვიზუალურ ცხრილს, ესაუბრება მომავალი ვიზიტის შესახებ, ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს და ა.შ.

  

პრევენციული ღონისძიებები 

ბავშვთა ასაკში სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების პრევენციის საფუძველი პირის ღრუს ჰიგიენური მოვლის სწორი უნარ-ჩვევების დროული სწავლება და ჩამოყალიბებაა. მნიშვნელოვანია: სწორი წმენდის სწავლება, ყბა-კბილთა სისტემის განვითარების მონიტორინგი, დამატებითი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება (კბილის ერთჯერადი ძაფები, სავლებები და სხვა), ფტორირების მეთოდების შერჩევა, დაბალანსებული კვება. თითოეული ეტაპი მშობლების აქტიური ჩართულობით ხორციელდება, ვინაიდან, სტომატოლოგის დანიშნულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი სწორედ მშობელია. ქცევის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის სტომატოლოგი და მშობლები ერთი და იმავე მიდგომებით, შეთანხმებულად მუშაობდნენ.

 

პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან

პატარა პაციენტის სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი სასურველია, პირველი  კბილის ამოჭრისთანავე დაიგეგმოს. სტომატოლოგი ბავშვს კბილის პასტას და ჯაგრისს შეურჩევს, მისცემს დანიშნულებას და რეკომენდაციებს. პრობლემურია მეექვსე მუდმივი კბილის ამოჭრის საკითხი, ვინაიდან, დროებით კბილებთან ერთად ამოიჭრება, მშობლებს ისიც დროებითი / სარძევე კბილი ჰგონიათ და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. შედეგად კი 9-10 წლის ასაკისთვის ეს კბილები უკვე დაზიანებულია და მკურნალობას საჭიროებს.

 

შესაძლებელია თუ არა ბავშვის კბილების დაზიანების თავიდან აცილება?

იმისთვის, რომ ბავშვებს ნაკლებად გაუფუთქდეთ კბილები, შეგვიძლია ამაზე მუდმივი კბილების ამოჭრისთანავე  ვიზრუნოთ. არსებობს პრევენციის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც საღეჭი კბილების ჰერმეტიზაცია ეწოდება. ამ დროს ფისურების დაფარვა თხელი, ასე ვთქვათ, „დამცავი შრით“ ხდება.

ჩაბეჭდილ კბილებზე  საკვების ნარჩენები არ რჩება, რაც კარიესული დეფექტების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. სილანტები კბილებს 2-3 წლის განმავლობაში კარიესის გამომწვევი მავნე ბაქტერიების და მათი ცხოველმყოფლობის პროდუქტებისაგან იცავს.

 

გავრცელებული დაავადებები ბავშვთა ასაკში

ბავშთა ასაკში, განსაკუთრებით კი 0-3 წლამდე, ყველაზე გავრცელებულ დაავადებას ე.წ. ადრეული კარიესი წარმოადგენს, მას ბოთლის კარიესადაც მოიხსენიებენ. ადრეული კარიესი ადვილად ამოსაცნობია, რადგან გააჩნია დამახასიათებელი ლოკალიზაცია  - ზედა ყბის ფრონტალური (წინა) კბილების საჭრელების და ეშვების მიდამოში. ის, ძირითადად, ღამით, ძილის დროს ბოთლის მაწოვარას საშუალებით სხვადასხვა თხევადი ტკბილი საკვებისა და სასმელების მიღებითაა გამოწვეული.

ასევე ხშირია ე.წ. „თეთრი ლაქა“ კბილის მინანქრის კრიალა ზედაპირზე, რომელიც კბილთაშორის საკონტაქტო ან მინანქრის ხილულ ზედაპირზე შეიძლება მდებარეობდეს. „თეთრი ლაქა“ კარიესული დაავადების საწყის ეტაპს წარმოადგენს. მისი შეფერილობა მინანქრის დეკალცინაციითაა განპირობებული.